შეკითხვის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციისა და დახმარების მისაღებად, გთხოვთ, ჩამოშალოთ სია და ჩაწეროთ თქვენი შეკითხვა თუ თხოვნა მოცემულ ველში.

მანამდე კი, გთხოვთ, გაეცნოთ ქვევით მოყვანილ ხშირად დასმული შეკითხვების ნაწილს (FAQ): შესაძლოა, თქვენს შეკითხვას უკვე აქვს პასუხი გაცემული!

  • გაწევრიანების ფორმაში მოყვანილი პასუხისმგებლობები აკისრებს თუ არა იურიდიულ ვალდებულებებს ქალაქის მერს (მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს), რომელმაც მოაწერა ხელი გაწევრიანების განაცხადს?
    ინიციატივაში “მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია და აღებული პასუხისმგებლობა არ წარმოადგენს იურიდიულ ვალდებულებებს. თუმცაღა, აღნიშნული ვალდებულებების შესრულება წარმოადგენს აუცილებელ პირობას ინიციატივის წევრობის შესანარჩუნებლად. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა არ იქნა დროულად წარმოდგენილი (უმცროსი წევრის მიერ), ან გეგმის განხორციელების ანგარიშის მომზადება დაგვიანდა (მოქმედი წევრის მიერ) - ინიციატივის წევრობა ავტომატურად გაუქმდება.
  • რა მოხდება, თუკი ობიექტური თუ გარე მიზეზებისა და გარემოებების გამო ვერ გავაგზანეთ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა დაწესებულ ვადებში?
    “მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ სამდივნო მჭიდროდ იმუშავებს ხელმომწერ ქალაქებთან და მონიტორინგს გაუწევს სამუშაო პროცესის პროგრესს. სამდივნო სარგებლობს უფლებით მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით და დაუშვას გამონაკლისი, რა გადაწყვეტილებასაც იღებს ხელმომწერი მხარის მიერ გამოჩენილი პასუხისმგებლობისა და ძალისხმევის საფუძველზე, ასევე გარე მიზეზების სერიოზულობისა და გარემო პირობების გათვალისწინებით.
  • შესაძლებელია თუ არა, რომ ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ ფარგლებში გამოიყოს თანხა კვალიფიციური ექსპერტის მომსახურებისათვის, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შედგენაზე ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის?
    არა, ეს შეუძლებელია. აღნიშნული ინიციატივის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ის, რომ ადგილობრივი განვითარების გეგმა ეკუთვნოდეს და შემუშავებულ იქნას თავად ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის მიერ. ინიციატივის ფარგლებში, გარე ექსპერტის დახმარება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულ თემებზე მუშაობისას ან ისეთი საკითხების შემუშავებისას, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მოცემულ ტერიტორიასთან მიმართებით და ხელმომწერს არ ჰყავს შესაბამისი ცოდნისა თუ გამოცდილების მქონე სპეციალისტი აღნიშნულ სფეროში.
  • აუცილებელია, რომ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მრჩეველი (EDO) იყოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელიც სრულ განაკვეთზე იმუშავებს აღნიშნულ პროექტზე? შესაძლებელია თუ არა, რომ მრჩეველი, ამავე დროს, მუშაობდეს სხვა პროექტებსა თუ ინიციატივებზე?
    ინიციატივას “მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ არ გააჩნია კონკრეტული ან ოფიციალური მოთხოვნები ადგილობრივი ეკონომიკური მრჩეველის სტატუსისა თუ მრჩეველსა და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საგნის თაობაზე. ამ მხრივ, ინიციატივა, მოქნილ პოლიტიკას მიმართავს, რათა გათვალისწინებულ იქნას ხელმომწერი მუნიციპალიტეტების განსხვავებული ზომა და ინსტიტუციური მოწყობა.
    თუმცაღა, სავალდებულია, რომ: ა) მრჩეველს ჰქონდეს ქალაქის მერის სრული ნდობა და მხარდაჭერა პროექტისათვის საჭირო ღონისძიებების გასატარებლად; ბ) გამოიჩინოს მზადყოფნა და შესაძლებლობა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და მოპოვებული ცოდნის სხვა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისათვის გასაზიარებლად; გ) იყოს ადვილად მისაწვდომი და დროულად უპასუხოს “მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ სამდივნოს კონტაქტისა თუ მოთხოვნების საჭიროების შემთხვევაში.
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი ოფიციალურად ჩაერთო ინიციატივაში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის,“ თუმცა ამჟამად გადის სხვა ადმინისტრაციასთან შეერთების პროცესს (ან პროცესი მალე დაიწყება). რა გავლენა ექნება ამას ჩვენი მუნიციპალიტეტის “მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ წევრობაზე?
    სამდივნოს ხედვისა და პოლიტიკის თანახმად, “მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ წევრობა, წევრობის პრივილეგიები და ვალდებულებები ავტომატურად დაეკისრება უფრო მსხვილ ადმინისტრაციულ ორგანოს და მის ადმინისტრაციას. იმ შემთხვევაში, თუ ახალი ადმინისტრაცია არ ისურვებს “მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ წევრობას, წევრობის გაუქმებისათვის საჭირო გახდება “მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ ადგილობრივი კოორდინატორის წერილობითი მიმართვა.
  • რა დროში შეძლებს “მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ სამდივნო და მსოფლიო ბანკი უკუკავშირის წარმოდგენას ჩვენი ეკონომიკური განვითარების გეგმის შესახებ?
    წინასწარ განსაზღვრული ვადები გეგმის შემოწმებისა და მასზე უკუკავშირის მომზადებისათვის შეადგენს დაახლოებით 2 თვეს. მას შემდეგ, რაც ხელმომწერი მუნიციპალიტეტი წარადგენს გეგმას განხილვისათვის, სამდივნო ოფიციალურად დაადასტურებს მიღების ფაქტს და დაიწყება გეგმის შემოწმების პერიოდის ათვლა.
  • ჩვენთვის გაუგებარია როგორ შეძლებს მხოლოდ ადგილობრივი ეკონომიკური გეგმა მუნიციპალიტეტის დახმარებას, მისი განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების გარეშე, რაც ყოველთვის მთავარ გამოწვევასა და დაბრკოლებას წარმოადგენს.
    სამდივნო აღიარებს და ითვალისწინებს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის განხორციელების პროცესის მხარდაჭერისათვის. მზადდება კომპლექსური კვლევა ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელიც გაზიარებულ იქნება მონაწილე ქვეყნების ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის და მისი შედეგების გამოქვეყნება იგეგმება 2017 წლის ბოლოსათვის.