რუსთავი, საქართველო, 5 დეკემბერი 2019, - ახლახანს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასრულდა პერსონალის გაცვლითი პროგრამა, რომელიც ადგილობრივი კერძო სექტორის მხარდაჭერასა და ბიზნესისადმი მეგობრული გარემოს შექმნას ისახავდა მიზნად. 3 – 5 დეკემბერს ქალაქმა უმანსპინძლა ბატონ იაკუბ კუბასიკს ქალაქ ჩელადზის (პოლონეთი) მუნიციპალიტეტის საბჭოს ქალაქის პოპულარიზაციის, კულტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილეს.
ბატონი კუბასიკის პროგრამაში მონაწილეობა მიზნად ისახავდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის თავისი პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, რის შედეგადაც ქალაქ რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლება შეძლებს შექმნას თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს კერძო სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მსგავსი ინსტიტუციის შექმნა დღეისათვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მოწვეულმა სპეციალისტმა მისიის ფარგლებში მთელი რიგი შეხვედრები განახორციელა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან, მუნიციპალიტეტის, ბიზნეს სექტორისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან. დისკუსიების შედეგად შემუშავდა და განვითარდა ბიზნესის მხარდამჭერი საბჭოს, როგორც ინტერსექტორული თანამშრომლობისათვის პასუხისმგებელი ორგანოს, კონცეფცია.
მისიის დასასრულს მხარეებმა კონცეფციის შინაარსი, საბჭოს ფუნქციები, მისი შექმნისა და ამოქმედების გზები ერთად წარუდგინეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს.
ბატონმა კუბასიკმა აღნიშნა: ”რამდენიმე წლის წინ ჩვენ გვქონდა მსგავსი გამოწვევები და არც ჩვენ ვიცოდით როგორ დაგვეძლია ისინი. იმ დროს ჩვენ მივიღეთ რჩევა სხვა ევროპული ქალაქებისგან და ახლა ჩვენ მოხარული ვართ, რომ მსგავსი დახმარების გაწევის შესაძლებლობა გვეძლევა რუსთავისთვის. ვფიქრობ, კერძო სექტორის მხარდამჭერი ინსტრუმენტების არარსებობის საკითხი აქტუალური არის არა მხოლოდ რუსთავის, არამედ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც. იმედი მაქვს, რომ რუსთავის ბიზნესის მხარდამჭერი საბჭო ეფექტური იქნება, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას მთელ ქვეყანაში.“
რუსთავის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ოფიცერი, ბატონი რევაზ ბარბაქაძე, აცხადებს: ”ჩელადზს დაახლოებით 10 წელი დასჭირდა ბიზნეს საბჭოს შექმნისა და გააქტიურებისთვის, თუმცა ქალაქისთვის კონკრეტული პროექტის დაწყება აღმოჩნდა პირველი ნაბიჯი სწორი მიმართულებით. მე მჯერა, რომ მათი გამოცდილება და მიღებული გაკვეთილები დაგვეხმარება მსგავსი შედეგების მოკლე დროში მიღწევაში. სწორედ ამის გამო არის პერსონალის გაცვლითი პროგრამა უმნიშვნელოვანესი და ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენ გვქონდა შანსი მიგვეღო სტუმარი ევროკავშირის ქვეყნიდან.“
ამავდროულად, ბატონმა ზვიად არჩუაძემ, M4EG-ს კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი აქტიური და წარმატებულია ინოვაციური პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში. რუსთავის მიერ ბიზნესის მხარდამჭერი საბჭოს იდეის განხორციელება შეიძლება ცოდნისა და შთაგონების წყარო გახდეს M4EG კლუბის სხვა წევრებისათვის საქართველოდან.