2019 წლის 23 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტში (CU), ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში სტუდენტებისთვის 5 დღიანი ტრენინგი დაიწყო.
ტრენინგის მთავარი მიზანია სტუდენტებს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის(CSG) და კავკასიის ეკონომიკის სკოლებიდან(CSE) გააცნოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების მეთოდოლოგია და გაზარდოს მათი ინფორმირებულობა ევროპაში ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული პრაქტიკის შესახებ. შეხვედრები გაიმართება ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ექსპერტებთან.
თანამშრომლობის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები გაეცნობიან ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმებზე მომუშავე მუნიციპალიტეტების საქმიანობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ კი, მონაწილეებს სტაჟირების სახით თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებაც მიეცემათ და საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი ეკონომიკური გეგემების შემუშავების პროცესში ჩაერთვებიან. სტაჟირების ბოლოს წარმატებულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
„აქ მოვედი იმისათვის, რომ გაგაცნოთ მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების საუკეთესო უცხოური პრაქტიკა და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან საქართველოს მუნიციპალიტეტები; ვიპოვო კოლეგები და პარტნიორები, რომლებთან ერთადაც ვიმუშავებთ ჩვენი ქალაქების, სოფლებისა და რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაზე, მიუხედავად იმისა დასაქმდებით კერძო თუ საჯარო სექტორში“ - განაცხადა ტრენინგის დაწყებისას ევროკავშრის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ზვიად არჩუაძემ.