GIPA-სა და ინიციატივა "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმი გაფორმდა

16 ნოემბერი 2018

2018 წლის 16 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG)  სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) 2017 წლის იანვრიდან ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ექვს ქვეყანაში და მიზნად ისახავს დაეხმაროს მერებს აქტიური როლი ითამაშონ ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. ინიციატივის განხორციელებაზე პასუხისმგებელია M4EG-ის სამდივნო ცენტრალური ოფისით თბილისში. სამდივნოს ჰყავს ეროვნული კოორდინატორები EaP-ის 5 სახელმწიფოში.

GIPA-სა და ევროკავშირის ამ მსხვილ რეგიონულ ინიციატივას შორის თანამშრომლობა პირველი შემთხვევაა საქართველოში. იგი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ადგილობრივი მმართველობის, სტრატეგიული დაგეგმარებისა და ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის სფეროებში ევროკავშირის სტანდარტებს და მიიღონ ახალი ცოდნის ცხოვრებაში გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შესაძლო ერთობლივი აქტივობები შეიძლება მოიცავდეს ონლაინ და საკლასო სპეციალიზებულ ტრეინინგს სტუდენტებისთვის, პოტენციურ სტაჟირების პროგრამებს შერჩეულ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მათთვის ‘ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების’ მომზადებაში დახმარებისა და კვლევითი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით, და სხვა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა და პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ ხელმძღვანელმა პიტერ რ. კორსბიმ.