საქართველოს ქ. ქუთაისში გამართული საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი აჩვენებს, რომ მონაწილეებს, სექტორებსა და ქვეყნებს შორის პარტნიორობები წარმატების გასაღებია

10 მაისი 2019

2019 წლის 2-3 მაისს, საქართველოს ქ. ქუთაისში გაიმართა საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „ოქროს საწმისის ძიებაში“. ღონისძიება ორგანიზებული იყო ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ, მთავარი საერთაშორისო განვითარების დონორების, მათ შორის, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), მხარდაჭერით.

ფორუმს დაესწრო დაახლოებით 100 მონაწილე, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს სექტორულ სამინისტროებს, სახელმწიფო და მუნიციპალურ ხელისუფლებებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და დაინტერესებულ ბიზნეს სუბიექტებს. აგრეთვე, მასში მონაწილეობდნენ უკრაინის, ისრაელის, პოლონეთის, მოლდოვას, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების დელეგატები.

თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით, ბიზნეს ფორუმის მონაწილეები დაესწრნენ პლენარულ შეხვედრებსა და დისკუსიებს, რომლებიც ფარავდა ისეთ საკითხებს, როგორებიც არის ბიზნეს შესაძლებლობები ქუთაისში, ეკონომიკურ აქტივობებში ქალთა მონაწილეობის გაძლიერება, ევროკავშირთან ვაჭრობის წახალისება. ასევე, ქ. ქუთაისის მერიამ წარადგინა საკუთარი საინვესტიციო პოტენციალი და არსებული საინტერესო ბიზნეს შეთავაზებები. M4EG-ის სამდივნო უძღვებოდა სპეციალურ პანელს „ბიზნესებისთვის მეგობრული“ მუნიციპალიტეტების შესახებ, სადაც რამდენიმე წარმატებულმა M4EG-ის ხელმომწერმა მონაწილეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება იმაზე, თუ რა ტიპის მხარდაჭერა შეიძლება გაუწიოს მუნიციპალიტეტმა მის ეკონომიკურ აქტორებს.

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი წარმოადგენს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების წახალისების მთავარ მხარდამჭერ აქტივობას, რომელიც ინიცირებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ (LEDP) ფარგლებში. თავის მხრივ, აღნიშნული გეგმა შემუშავდა ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში.