ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) აგრძელებს საჯარო-კერძო დიალოგის წახალისებას და საზოგადოებასთან ურთიერთობის გაღრმავებას ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ასპექტში სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიის წარმომადგენლების ჩართულობით.
ამ კონტექსტში M4EG-ის სამდივნომ ახლახანს დაასრულა საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სპეციალურად შექმნილი ტრენინგ-კურსი. მისი მიზანია ცოდნისა და ექსპერტიზის უფრო ფართო მასშტაბით გაზიარება, ასევე, ინიციატივის შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფა.
აღნიშნული კურსის ფარგლებში, რომელიც 5 თემატური ლექციისგან შედგებოდა, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სახელმწიფო მართვის სკოლების სტუდენტები გაეცნენ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების შესახებ ევროპულ პრაქტიკას და „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ (LEDP) მომზადების მეთოდოლოგიას. ვინაიდან სტუდენტებმა მიიღეს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროცესებზე საკმარისი თეორიული ცოდნა, M4EG-ის სამდივნო მათ მისცემს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას M4EG-ის ხელმომწერ შერჩეულ მუნიციპალიტეტში სტაჟირების სახით.
ტრენინგ-კურსი სტუდენტებს 2019 წლის 23 თებერვალს - 23 მარტს, მშობლიურ ქართულ ენაზე ჩაუტარა საქართველოსა და აზერბაიჯანში M4EG-ის კოორდინატორმა, ბატონმა ზვიად არჩუაძემ. ერთ-ერთ ლექციას (16 მარტს) კი გაუძღვნენ M4EG-ის სამდივნოს ცენტრალური ოფისის (ქ. თბილისში) წარმომადგენლები, ბატონი პიტერ კორსბი (პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელი, დანია) და ქალბატონი ჯულია ძინგაილო (რეგიონული კოორდინატორი/კომუნიკაციების მენეჯერი, ბელარუსი). აუდიტორიასთან მათი ინტერაქცია შედგა არაფორმალური საუბრების ფორმატში კითხვა/პასუხით, რაც სასარგებლო იყო სტუდენტებისთვის, ვინაიდან მათ შეეძლოთ რეგიონისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის უფრო ფართო სტრატეგიული სურათის დანახვა და M4EG-ის ინიციატივის მთავარი პრინციპების გააზრება, აგრეთვე, გამოცდილ საერთაშორისო პრაქტიკოსებთან დისკუსიაში მონაწილეობა.
შეხვედრაზე პიტერ კორსბიმ ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიღწევებს, ასევე, საქართველოს წარმატებულ მცდელობებზე მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებსა და რეგულაციებს. ჯგუფის ხელმძღვანელმა სტუდენტებს გააცნო ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების დასავლეთ ევროპული მოდელი და მათ გაუზიარა რამდენიმე წარმატებული მაგალითი. ასევე, მან ისაუბრა საკუთარი ქვეყნის, დანიის, გამოცდილებაზე, სადაც პატარა მუნიციპალიტეტები დგანან ისეთი საერთო ადგილობრივი პრობლემების წინაშე, როგორებიც არის სამუშაო ადგილების ნაკლებობა და მოსახლეობის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის, გადინება. მან გამოყო რამდენიმე პრაქტიკული გამოსავალი, რომელიც დაინერგა დანიურ მუნიციპალიტეტებში და რომლებიც აღმოჩნდა ეფექტური. პრაქტიკულმა მაგალითებმა სტუდენტებში განსაკუთრებული ინტერესი გამოწვია და წაახალისა ისინი, რომ გააზიარონ საკუთარ ქვეყანაში ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული თავიანთი იდეები და შენიშვნები.
ბატონმა კორსბიმ აგრეთვე განმარტა, თუ რატომ არის ინიციატივა M4EG დაინტერესებული ეკონომიკასა და საჯარო ადმინისტრირებაში მომავლის სპეციალისტებთან კავშირების დამყარებით: „ძალიან მნიშვნელოვანია მომავალ თაობებთან დიალოგისა დჭა ცოდნის გაზიარება, მათთან, ვინც მიიღებენ გადაწყვეტილებებს და შექმნიან ახალ საქართველოს. კავკასიის უნივერსიტეტის გარდა, ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ GIPA-სთან (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი). მსგავსი გამოცდილება გვაქვს რეგიონის სხვა ქვეყნებში, მაგალითად მოლდოვასა და სომხეთში. გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანია და გვეხმარება მდგრადი შედეგების უზრუნველყოფაში“.
დისკუსიის კიდევ ერთი საკითხი იყო ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მხრივ მონაწილე ექვსი სახელმწიფოს ეროვნულ გამოცდილებებს შორის განსხვავებები და „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების“ შემუშავების პროცესის თავისებურებები. აღნიშნული გამოცდილება სტუდენტებს გააცნო ქალბატონმა იულია ძინგაილომ. მან ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიმართ, საკუთარი უნიკალური გამოსავლის ძიების პროცესში, მუნიციპალიტეტების მიდგომებს შორის მსგავსებებსა და განსხვავებებზე. აგრეთვე, M4EG-ის რეგიონულმა კოორდინატორმა/კომუნიკაციების მენეჯერმა ხაზი გაუსვა რეგიონის ქვეყნებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და სტუდენტებს გააცნო ყველა საინფორმაციო წყარო და M4EG-ის ინსტრუმენტი, რომლებიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარ მომავალ სწავლასა და საქმიანობაში. აღნიშნული გამოცდილების გაზიარება საინტერესო და შთამაგონებელი იყო სტუდენტებისთვის.“როგორც სტუდენტი, მაქსიმალურად შევეცდები ვიფიქრო და ჩამოვაყალიბო ახალი იდეები და ხედვები იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს სასარგებლო ჩემი და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტისთვის.” - ამბობს მარიამ მორჩაძე, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი.
ეკონომიკისა და სახელმწიფო მართვის სკოლების დეკანებმა და M4EG-ის სამდივნოს წარმომადგენლებმა განიხილეს აღნიშნულ უნივერსიტეტსა და ინიციატივას შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. იგეგმება, რომ ლექციებისა და სტაჟირების გარდა, სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ ონლაინ ტრენინგზე წვდომას, რომელიც ინიციატივამ M4EG შეიმუშავა მუნიციპალიტეტებისთვის LEDP-ების ჩამოყალიბებაში დასახმარებლად. “M4EG-ს ინიციატივამ ჩვენს სტუდენტებს მისცა ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც მათ შეუძლიათ აქტიურად გამოიყენონ თავიანთი პრაქტიკული ცოდნის განვითარებისთვის. ეს არის ძალიან კარგი, მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა აკადემიას, ევროკავშირს, რომელიც ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის.” - განაცხადა ეკა აკობიამ, კავკასიის სახელმწიფო მმართვის სკოლის დეკანმა.
კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს მიეცემათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება M4EG-ის ხელმომწერ საქართველოს მუნიციპალიტეტებში სტაჟირების სახით. სტაჟირების განმავლობაში სტუდენტები ჩაერთვებიან LEDP-ების შემუშავების პროცესში და მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მართვის სფეროში. სტაჟირების ბოლოს წარმატებული სტუდენტები ასევე დაჯილდოვდებიან შესაბამისი სერტიფიკატებით.