ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის მიერ მერები ეკონომიკური ზრდისთვის ინიციატივის ფარგლებში დაფინანსებული საპილოტე პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ განხორციელება დაიწყო

23 თებერვალი 2018

2018 წლის 23 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში დაფინანსებული საპილოტე პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ დაწყების ცერემონია გამართა. ღონისძიების  დროს ბოლნისის მერს მუნიციპალიტეტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის წევრობის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა.

2018-2021 წლების განმავლობაში, საპილოტე პროექტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში  მოეწყობა აგროცენტრი, რომელიც აღიჭურვება ღვინის ჩამოსასხმელი ხაზით, ყველისა და ბოლსტნეულის შესაფუთი დანადგარებით. ასევე, ქ.ბოლნისის „კატერინენფელდის ტერიტორიაზე“ მოეწყობა თ.სტეფანის ქუჩა და ჩამოყალიბდება ბიზნეს კლასტერები, რისთვისაც ევროკავშირი 320 ათასს ევროს, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტი 60 ათას ევროს დახარჯავს.

ბოლნისის მერმა, ბატონმა დავით შერაზადიშვილმა, აღნიშნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შედეგების მნიშვნელობაზე და ბოლნისის მუნიციპალიტეტში  დაინტერესებული მხარეები მოიწვია, რათა მონაწიეობა მიიღონ პროექტის განხორციელებაში და   ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებაში.

ბატონმა ირაკლი ხმალაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან პროექტის მენეჯერმა, მიულოცა ბოლნისის მუნიციპალიტეტს ევროკავშირის საგრანტო კონკურსში გამარჯვება და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ რეალური ცვლილებები მოახდინონ ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაში. მან აღნიშნა, რომ მომავალში ევროკავშირის წარმომადგენლობა საგრანტო კონკურსებში უპირატესობას მიენიჭებას მერები ეკონომიკური ზრდისთვის კლუბის წევრ მუნიციპალიტეტებს.

სიტყვით გამოვიდნენ ბატონი გოგი მეშველიანი - საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი დიდიძე - საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გურამი ავქოფაშვილი - ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი და ბატონი პიტერ კორსბი - მერები ეკონომიკური ზრდისთვის პროექტის ხელმძღვანელი. მათ ხაზი გაუსვეს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას განაცხადეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის შესახებ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოს წარმომადგენლები და საერთაშორისო პროექტების წარმომადგენლები.


იხილეთ ფოტოგალერეა