იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნაზე მუშაობენ ევროკავშირის ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” სამდივნოსთან ერთად

02 მარტი 2018

2018 წლის 2 მარტს ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნომ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად ქუთაისში გამართა შეხვედრა იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებთან. იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან 8 „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის წევრია. ისინი, ადგილობრივი ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მუშაობენ ადგილობრივი ეკონომიკის ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის საკითხებზე.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ბატონმა გივი ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ „იმერეთი აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან. მუნიციპალიტეტების ჩართულობა ევროკავშრის ინიციატივაში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებით იმერეთში და უკეთეს გარემოს ქმნის მხარეში ბიზნესის განვითარებისა და ევროკავშირის პროექტების განხორციელებისათვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ბატონ გიორგი დიდიდძის განაცხადებით „საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში წარადგენს დეცენტრალიზაციის სტრატეგიას. სტრატეგია ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების კიდევ უფრო გაძლიერებას. ეკონომიკური განვითარების გეგმების მომზადების პროცესს და მათ განხორციელებას ადგილობრივი და ევროპული რესურსების მეშვეობით, ექნება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი სტრატეგიის განხორციელების პრობლემების წარმატებით დასაძლევად“. მან ასევე ხაზი გაუსვა იმერეთის და მისი მუნიციპალიტეტების ევროკავშირთან, მის ორგანიზაციებთან და პროექტებთან თანამშრომლობის  მნიშვნელობას.

ევროკავშრის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა პიტერ კორსბიმ ხაზი გაუსვა იმერეთის მუნიციპალიტეტების აქტიურ მონაწილეობას ინიციატივაში და გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივას ქუთაისში აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნების ყოფილი ინდუსტრიული ქალაქების ფორუმის ჩატარებას.

ღონისძიების დროს „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის წევრ მუნიციპალიტეტებს გადაეცათ კლუბის წევრობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები და იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები; აგრეთვე იმერეთის არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

იმავე დღეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან მონაწილეობით გაიმართება მსჯელობა მუნიციპალიტეტის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად საჭირო აქტივობებზე.

 იხილეთ ფოტოგალერეა