ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში დაიწყო სამი ახალი საგრანტო პროექტი, რომელიც საქართველოს მუნიციპალიტეტებს დაეხმარება ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში

07 თებერვალი 2018

2018 წლის 7 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოსთან ერთად თბილისში გამართა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის საპილოტე პროექტების” დაწყების ცერემონია.

სამ საპილოტე პროექტს განახორციელებენ ბოლნისის, გორის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტები შერჩეული იქნა ევროკომისიის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი ადმინისტრაციებისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში. ევროკავშირი, გრანტის სახით, 1.4 მილიონ ევროს გამოყოფს პროექტების განსახორციელებლად.

ბატონმა კარლო ნატალემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ მიულოცა გამარჯვებულ მუნიციპალიტეტებს და გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე დადებითი პროცესების მიმართ, იქ სადაც ეს განსაკუთრებითაა საჭირო. „მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ რეალური ცვლილებები მოახდინონ ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაში. ამისათვის ევროკავშირი მხარს უჭერს ადგილობრივ თვითმმართველობებს, რათა ისინი გახდნენ აქტიური ფასილიტატორები მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა“ - განაცხადა ბატონმა ნატალემ.

სიტყვით გამოვიდნენ ბატონი ირაკლი მატკავა, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გამარჯვებული მუნიციპალიტეტების მერები და მერის მოადგილე. მათ ხაზი გაუსვეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნის და მუნიციპალიტეტების მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირები გრანტის მიმღები მუნიციპალიტეტებიდან, სამინისტროებიდან, ევროკავშირის კომისიისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ბიზნეს გაერთიანებების, ევროკავშირის სხვა ინიციატივებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციის წარმომადგენლები.

 

იხილეთ ფოტოგალერეა