ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით რეგიონში ყალიბდება ფართომასშტაბიან პროფესიურ თემად.
ზვიად არჩუაძე, საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნული კოორდინატორი, საუბრობს იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს პროექტი საქართველოში და რით არის ეს ქვეყანა სხვებისგან გამორჩეული. იგი ასევე გვიზიარებს გამოწვევების და სიურპრიზების, აგრეთვე, პროექტის მიღწევების შესახებ ინფორმაციას.
რატომ არის თქვენი ქვეყანა განსაკუთრებული M4EG-ის კონტექსტში?
მთავარი საკითხი, რაც გამოარჩევს საქართველოს M4EG-ის პროექტში ჩართული სხვა ქვეყნებისგან, არის თვითმმართველი ერთეულების სტრუქტურა. მაგალითად, უკრაინის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად მსხვილი ზომის არიან, მაშინ, როდესაც სომხეთი დაყოფილია ბევრ მცირე თვითმმართველ ერთეულად. საქართველოში, 5 თვითმმართველი ქალაქის გამოკლებით, მუნიციპალიტეტები, ჩვეულებრივ, აერთიანებენ რამდენიმე დასახლებას.
უნდა ვაღიარო, რომ დასაწყისში, ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან ფრთხილი იყო, ამ ინიციატივაში საქართველოს აქტიურად მონაწილეობა არ მიუღია. საწყის რამდენიმე თვეში საქართველოს მხოლოდ ორი მუნიციპალიტეტი ჩაერთო პროექტში, მაშინ, როდესაც უკრაინასა და სომხეთს ამ მომენტში უკვე ჰყავდა ათეულობით მონაწილე თვითმმართველი ერთეული. ვითარება დრამატულად შეიცვალა ორ წელში, როდესაც მუნიციპალიტეტების დაინტერესება მკვეთრად გაიზარდა. მუნიციპალიტეტები გახდნენ ძალიან აქტიურები, წამოეწივნენ და აქტიურობის თვალსაზრისით გადაასწრეს რამდენიმე სხვა ქვეყანას. ამჟამად, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 42 M4EG-ის ხელმომწერია და, საერთო ჯამში, ამ ინიციატივაში 2300 დასახლებაა ჩართული.
უფრო მეტიც, საკმაოდ საინტერესო და გამორჩეულია, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონს ინიციატივაში 100%-იანი ჩართულობა აქვს. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთი ის რეგიონი იყო, რომლის ექვსივე მუნიციპალიტეტი ერთდროულად შეუერთდა ამ პროექტს. სხვა რეგიონებში, ისეთებში, როგორებიც არის კახეთი და გურია, დინამიკა შედარებით განსხვავებული იყო - დასაწყისში, რეგიონის მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტი გახდა ინიციატივის წევრი და სხვებისთვის ამ მხრივ მაგალითად იქცა, მოგვიანებით კი ყველა დანარჩენმა მუნიციპალიტეტმა მას მიჰბაძა. კიდევ ერთი საკითხი, სადაც საქართველომ საინტერესო მიდგომა აჩვენა არის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის მაღალი ხარისხი. ზოგიერთი ხელმომწერი რამდენიმე მეზობელი მუნიციპალიტეტისთვის ერთობლივი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ (LEDP) შემუშავებასაც კი განიხილავს. თუ ეს იდეა განხორციელდება, ეს იქნება სხვებისთვის საინტერესო პრეცედენტი და მისაბაძი მაგალითი.
რა არის თქვენი, როგორც საქართველოში M4EG-ის კოორდინატორის, მთავარი მიღწევა?
ჩემი, როგორც საქართველოში M4EG-ის კოორდინატორის, მთავარი მიღწევა არის ის, რომ შევძელი მუნიციპალიტეტებში M4EG-ის პროექტისადმი ინტერესის გაზრდა და წვლილი შევიტანე მათ წარმატებულ აქტივობებში.
პროექტის დასაწყისში ჩვენი პრიორიტეტი იყო მუნიციპალიტეტებში ინფორმაციის გავრცელება და იმ სარგებლის ჩვენება, რაც მათ შეეძლოთ, მიეღოთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისგან. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ 42 მუნიციპალიტეტთან. თუმცა, მთავარი არის არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ინტერესი - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ ჩამოყალიბებული „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმები“ ნამდვილად კარგი ხარისხისაა, მსოფლიო ბანკმა ისინი პოზიტიურად შეაფასა. უკვე დამტკიცებული 14 LEDP-დან, ოთხმა მათგანმა „შესანიშნავი, სამაგალითო“ შეფასება მიიღო.
მეორე ტალღის ფარგლებში ახლადჩართულმა მუნიციპალიტეტებმა უკვე დაასრულეს LEDP-ის შემუშავებაზე ტრენინგი, და ამჟამად მუშაობენ თავიანთ LEDP-ებზე. ყველა მათგანი მოტივირებულია და მოუთმენლად ელის მათი მცდელობების და LEDP-ს განხორციელების შედეგებს.
საქართველოში აღსანიშნავია აგრეთვე ევროკავშირის დაფინანსებული M4EG-ის 3 „წარმატებული პროექტი“, რომლებიც ამჟამად ხორციელდება M4EG-ის 3 ხელმომწერის მიერ (ქ. თბილისი, ბოლნისის და გორის მუნიციპალიტეტები).
ქ. თბილისმა უკვე აამუშავა ახალი ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ (ნაპერწკალი), რომელიც „წარმატებული პროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ახალი ინფრასტრუქტურის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა, ქართველი მეწარმეებისა და მცირე და საშუალო საწარმოების შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელების წახალისება. ახალი სამუშაო სივრცე და შეთავაზებული სერვისები დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ვისაც სურს საკუთარ ბიზნეს იდეაზე მუშაობა. ქ. თბილისის მერია აფინანსებს ამ პროექტის ბიუჯეტის ნახევარს, რაც დაახლოებით 1 მილიონი ევროა.
ბოლნისის წარმატებული პროექტი ბიუჯეტის თვალსაზრისით უფრო მოკრძალებულია, მაგრამ ამბიციურია მის მიზნებში. ბოლნისის მუნიციპალიტეტისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დაახლოებით 380,000 ევროა, რაც მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხაა. მისი ნაწილი დაიხარჯება ბოლნისის ქალაქის ისტორიული ნაწილის (გერმანული სამეზობლო) რეაბილიტაციასა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. აღნიშნული გრანტის მეორე ნაწილი ჩაიდება აგრო-ცენტრის დაფუძნებაში, სადაც ადგილობრივი ფერმერები შეძლებენ საკუთარი პროდუქციის, მათ შორის, ხილისა და ბოსტნეულის, ქართული ყველისა და ადგილობრივი ახალი ხორცის, შეფუთვას. ეს ცენტრი ასევე აღიჭურვება ღვინის ბოთლში ჩამოსხმის ტექნოლოგიით, სადაც ადგილობრივები შეძლებენ ტრადიციული მეღვინეობის მოდერნიზებას და ტურისტებისთვის საკუთარი პროდუქციის გაყიდვას. აგრო-ცენტრის მთავარი იდეა არის ადგილობრივი მწარმოებლების დახმარება იმაში, რომ მათ შეძლონ საკუთარი პროდუქციის განვითარება სათანადო სტანდარტების შესაბამისად.
M4EG-ის მესამე წარმატებული პროექტი გორში ხორციელდება. ქალაქმა 600,000 ევრო ევროკავშირის გრანტის სახით მიიღო. პროექტის მთავარი ფოკუსია ტურიზმის განვითარება, კერძოდ, გორის ციხის გარშემო ტერიტორიაზე თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. აქ გაიხსნება სუვენირების მაღაზია, საკონფერენციო სივრცე, მოეწყობა პარკინგი, თანამედროვე საზოგადოებრივი საპირფარეშოები და სხვა სივრცეები.
ნათელია, რომ მუნიციპალიტეტები ცდილობენ, გამოიყენონ თითოეული შესაძლებლობა ცვლილებისთვის და საკუთარი მაგალითის ჩვენებით შეცვალონ თავიანთი მუნიციპალიტეტები.
თქვენს საქმიანობაში რა იყო მთავარი გამოწვევა? როგორ გაუმკლავდით მას?
მთავარი და, ალბათ, ერთადერთი გამოწვევა, რასაც ჩვენ გადავაწყდით, იყო საწყის ეტაპზე მუნიციპალიტეტების მხრიდან პროექტისადმი მოტივაციის ნაკლებობა და სკეპტიციზმი. მუნიციპალიტეტების უმრავლესობამ უმალვე ვერ დაინახა ამ პროექტის ღირებულება და სკეპტიკურად იყო განწყობილი მისი რეალური სარგებლისადმი.
იმის გააზრება, რომ M4EG-ის მიდგომა არის ძალიან პრაქტიკული, არაბიუროკრატიული და წევრობიდან 3 წლის განმავლობაში ხელშესახებ შედეგებზე ორიენტირებული, ამ პროცესში M4EG-ის სამდივნოსგან მიღებული მხარდაჭერის დანახვა, და ასევე, M4EG-ის ხელმომწერების მიერ ევროკავშირის საგრანტო დაფინანსების მობილიზებაში რამდენიმე რეალური წარმატებული მაგალითი იყო ამგვარი დამოკიდებულების შეცვლის გადამწყვეტი ფაქტორები. სულ უფრო და უფრო მეტმა მუნიციპალიტეტმა დაიწყო გაწევრიანების სურვილის გამოხატვა.
თქვენს საქმიანობაში გქონიათ რაიმე ნამდვილი სიუპრიზი? როგორ გაუმკლავდით მას?
ნამდვილი სიურპრიზი და მოულოდნელობა, რასაც მე გადავაწყდი იყო მუნიციპალიტეტის თანამშრომლების უზარმაზარი შესაძლებლობები. მათი სამუშაო აღწერილობის მიხედვით, ამ ადამიანებს არ აქვთ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის დაწერის რაიმე ვალდებულება, თუმცა, ისინი ძლიერ მოტივირებულები არიან იმისთვის, რომ განავითარონ თავიანთი მუნიციპალიტეტები და ყველაფერს აკეთებენ ამ მიზნის მისაღწევად.
ჩვენ პოზიტიურად გაკვირვებულები ვიყავით, რომ თბილისში გავრცელებული სტერეოტიპი - რომ მუნიციპალიტეტებს არ აქვთ საკმარისი და კვალიფიციური ადამიანური რესურსი - რეალურად არ იყო სინამდვილესთან ახლოს. თითოეულ მუნიციპალიტეტს ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც არიან ძლიერ მოტივირებულები და აქვთ მათი საქმიანობისთვის საჭირო მაღალი კვალიფიკაცია. მთავარია, რომ ვიპოვოთ ეს ადამიანები და მივცეთ მათ ცვლილებებისა და დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღებისთვის საჭირო შთაგონება.
მოგიყვანთ სიურპრიზის ერთ კარგ მაგალითს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ინიციატივაში ჩაერთო გვიან, მას შემდეგ, რაც დასრულდა შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგი ახალი ხელმომწერებისთვის. თუმცა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ისეთი მოტივირებულები იყვნენ, რომ სულ რაღაც 3 თვეში საკუთარი ძალებით დაწერეს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, წარადგინეს იგი ტრენინგ-გავლილ კოლეგებთან ერთად და მიიღეს თანხმობა მსოფლიო ბანკის შეფასების საფუძველზე.
ამასთან, საკმაოდ სასიამოვნო სიურპრიზი იყო რეგიონის მთავრობის წარმომადგენლების ჩართულობა, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს მიმდინარე ღონისძიებებს და მთლიანად ინიციატივას. ბედნიერი და მადლიერი ვარ მათთან თანამშრომლობით.
M4EG-ის გამოცდილებიდან გვითხარით ყველაზე დასამახსოვრებელი (სასაცილო, საინტერესო, ამაღელვებელი) ამბავი
ალბათ, ყველაზე ამაღელვებელია მუნიციპალიტეტებიდან ადამიანებზე დაკვირვება, როგორ ცდილობენ ახალი ცოდნის დასწავლას და მის გამოყენებას საკუთარი მუნიციპალიტეტისა და ხალხის საკეთილდღეოდ.